Sunday, December 7, 2014

დღეა ნაწვიმარი, ნანისლევი

დღეა ნაწვიმარი, ნანისლევი,
სუსხი შესევია ქუჩებს.
თვალებს დაღი აზის ღამისთევის,
დარდი დამჩნევია ტუჩებს.

ახლაც ისევ ისე გადის წლები,

გულის ფეთქვას მარტო ვუსმენ.
ჩემი ოცნებაა ნაწამები,
უკვე იცრიცება, სულს ლევს.

ტრფობის, გახელების, აღტაცების

ვეძებ მიმობნეულ წუთებს,
ისევ განვიცდი და დანანებით
მაინც მარტოობას ვუძლებ.

Wednesday, October 29, 2014

შემოდგომა

შემოდგომის წვიმა,
მოლოდინი ზამთრის
და ფოთლები ყვითლად 
 გაფრენილი ქარში,
გაცრეცილი ფიქრი, 
გულში სველი გრძნობა,
მილეული შიში,
შეჩვეული მოცდა.
შეჩენილი ეჭვი 
ღარ იწვევს ტკივილს,
არც ის, რომ ხარ ერთი,
ვერ გაიყავ სხვისთვის.
დაბინდულა ყველა,
რაც რამ გწვავდა,გკლავდა,
დახვალ ჩუმად,
სევდაც შეუმჩნევლად დაგაქვს.
შემოდგომის ფერი,
მკაცრი, თანაც თბილი,
მარტოხელა ცრემლი,
მსგავსი წვეთის წვიმის.
დარი დგას და ავდარს
ეძახიან მაინც,
რას გაუგებ ამათ,
დარდი დარდად დარჩი.

შემოგომის წვიმა
მომენატრა მკაცრი
და ფოთლები ყვითლად
გაფრენილი ქარში...

Sunday, October 26, 2014

კეთილი წვიმა

ახლა ასე გგონია, ცივი წვიმა ყველა ადამიანზე კეთილია ვითომ -  როგორ ერთბაშად დაუცარიელებია ჟრიამულა ბაღი და მხოლოდ შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი თუ გადასერავს ისე, თითქოს აკრძალულ ადგილას გადადის გზაზე და ჩქარობს, თაბაშირებში რომ არ ჩასვან მერე. არც კი შემოგხედავს, ლანდი თუ ეგონები, თორე რა სეირნობა მოუნდება ადამიანს ამ ჟინჟღლში!

ყვითელი ფოთლები კი ისეა დამბალი, კი არ შრიალებს ფეხის დადგმისას, თითქოს თავზე ხელის გადასმასავითაა - თვალთ გებინდება და თანაც, სად თავი და სად ფეხები, მაგრამ გაყინული ფეხებიც გილღვება. მხრებაწურული მიუყვები ფილაქნებს ჩაყოლილ წითელ ხაზს, საწყლადმხრებაწურული კი არა, თითქოს რაღაც საამურს ნეტარებ. გეჩვენება, ფილაქნის წითელი ხაზი კი არა, შენი ფიქრია თითქოს, აბდაუბდა, თან რომ არაფერს ეხება და თანაც ყველაფერს. შენ აბდაუბდა აბურდული გეგონა, მაგრამ, ნახე, როგორ სწორი ყოფილა თურმე.

ცოტაც და შენი საყვარელი ყვითელი ხეა, უფრო სწორედ, ყვითელყოფილი. ახლა ერთადერთი გაძარცული ხე....ჯერჯერობით. უყურებ და არ შეგიძლია გული გეტკინოს, ისე გიხარია, შენს სულს რომ ვერ ხდიან საბურველს შემოდგომები ...თუმცა... გულის ჩხვლეტა, რასაც ახლა გრძნობ, გაზაფხულის ყველა გახსენებას ახლავს თან.  სამართლიანად შენიშნავ, მარტოსულა გაზაფხულებიც ხომ ვერ ახერხებენ  შენს აფერადებას, სამაგიეროდ... აი, ეს ხე კი ხასხასებდა გაზაფხულზე (ალბათ, თორემ შენ არ შეგიმჩნევია საერთო სიმწვანეში)...

რა შვებაა ზოგჯერ, მძიმე პარკი რომ ჩაგიჭრის ხელს და ფიქრებიდან გამოგარკვევს! ხელის შენაცვლებისას ისე ახტიხარ უსიცოცხლო ტროტუარზე, თითქოს საძოვარზე პირველად გამოსული ციკანი იყო. ეზოშიც ისევ შენი მუსიკა ჟღერს: უკანასკნელი თავგანწირვით წყდებიან სახურავებს მომსხო წვეთები. თითის წვერებზე იწევი და შენი სხეული თუ არა, შენ ნამდვილად ცეკვავ აღტაცებით...

26 ოქტომბერი. 2014 წლი.

Saturday, October 4, 2014

***

გაიქცნენ, რითმები გაიქცნენ,
დამტოვეს ფიქრებთან მარტოკა
და ახლა უფრო მსურს მოხვიდე,
რომ დარდი მხრებიდან ჩამომხსნა.

2012

ღამის წყვდიადი

ისევ დაღამდა, წამი გაშეშდა,
გარეთ ალვების რხევაც გაჩერდა
და სულში ისევ შემოაბიჯა
ღამის წყვდიადმა და მყუდროებამ.

ისევ დაღამდა და გადაეკრა
სიბნელის ლიბრი ცას და გულს ერთად,
დღე ნამსხვრევებად დაცვივდა ისევ....
ღამე მაგონებს გულბოროტ წერაქვს!

წეღან დღეს ისევ მწარედ გააწნეს,
ისევ ხურავენ იქით  დარაბებს
და ჩემს ლოგინში სველ ბალიშიდან
ისევ მოველი ფიქრის ნიაღვრებს.

"თუ არ გცალია დღისით ფიქრისთვის,
ამ უკუნეთში მაინც მოიცლი" -
კვლავ ახორხოცდნენ ბნელი ფიქრები,
მათი ბელადი შავ ხელებს მიწვდის.

შორს გაიელვა ბნელამ სინათლემ,
ალბათ, იმეხებს ცოდვილ მიწაზე,
მერე გრიგალის ორომტრიალში
ვიღაც დილამდე ვეღარ მიაღწევს.

მალე არავინ ჩაუვლი ქუჩებს,
გაუთენდებათ სისხლიან ტურებს.
თეთრი კრავების გულთ ცახცახში
ვერ დავიძინე მშვიდად ვერც წუხელ.

2009

ჩამოდი ქვიდან! მაინც ერთი სიმაღლე გაქვს მათთვის!!!

ქარი გულჩათხრობილი ადამიანებისთვის მოუგონია ღმერთს, წვიმა-მოწყენილი მეოცნებეებისთვის,ქარიშხალი კი-უსაყრდენოებისთვის....ამის მიხედვით,მშვენიერი ამინდია აქ: "თბილი" და "მზიანი"...ამინდი თუ გაგიგებს მხოლოდ იქ,სადაც ღმერთისგანაც კი ხელჩაქნეული ხალხი ცხოვრობს.შენ კი...შენ კი გჯეროდა,შენ კი იბრძოდი - რა ამპარტავნებაა!!! და აი,მოგატეხეს ფარატინა ქაღალდისგან გამოჭრილი ფრთები.გეგონა დავარდებოდი,შენ ხომ ფრენდი უკვე,მაგამ უკაცრავად,უშნო ლოდზე მდგახარ და სასაცილოდ იქნევდი ხელებს!!!ახლა გინდ დარჩი მაგ ქვაზე და გინდ ჩამოდი,,მაინც ერთი სიმაღლე გაქვს მათთვის,ეშმასთვის ხარკად რომ მიუცია ღმერთს.მე მაინც გირჩევ ჩამოხვიდე და ფეხშიშველამ იბოდიალო
ქვიან მიწაზე- დაგეკაწრება ჯერ ისევ თხელი კანი (რით ვერ გაისქელე) და დაგავიწყებს სულში ჩაკირულ გაუსაძლის ნაცრისფერს.მერე დაღლაც მოგისწრებს სულზე,ბინდს გადაგაკრავს თვალზე და მოშორდები სულშემძვრელ ჩვენებებს.იქნებ ჩაგეძინოს კიდეც სადმე,ნიავმობერილს....

ჩამოდი ქვიდან!
მაინც ერთი სიმაღლე გაქვს მათთის!!!

რაჭა...და გვირილები მაინც რატომ იყო ამდენი...

და გვირილები მაინც რატომ იყო ამდენი???
ველზე, მთებზე და...მთები, მთები, შეხე რამდენი!
სითბო, სითბო და კიდევ სითბო, ყველა თვალიდან,
ყველაფერს დათმობ, ისე არ გსურს, წასვლა რაჭიდან.
ან ტყე რად ღირდა, შებურული, ვიწრო ბილიკით,
გიჯი რიონი, ამღვრეული ძველი ფიქრივით!
თავქვე დაშვება მორიგი მთის მწვანე ფერდიდადნ
ბევრად ლამაზი მოჩანს უფრო თურმე ცხენიდან.
და პატარა ქვა გულის ფორმის, ხიდთან ნასროლი,
შენ ვერ ელევი ქვას და შენს ფიქრს, ქვას თან გაყოლილს.
მერე სურვილი, რომ რიონის ტალღა გიცავდეს
და რომ ერთგული დარჩე მისი კუბოს ფიცრამდე.
დღისით მწველი მზე, როგორც გრძნობა, გრძნობა ველური,
ჭექა-ქუხილი არ გაძინებს გადარეული.
ან რა დროს ძილი, როდესაც ხარ მთვრალი ხვანჭკარით!
ძარღვიდან ძარღვში, გრძნობ, თუ სისხლი როგორ გადადის.
კლდის პირას წოლა, ირგვლივ ბზები, მიწის სურნელი,
არაფერი გსურს ამის გარდა, ისე დუნდები,
თან სიოც ისე ნაზად გკოცნის ყელზე, ყურის ძირს,
წლებსაც კი დათმობ რამდენიმე ასეთ წუთისთვის.

მხოლოდ ახლა გრძნობ მარტოობას მთელი სიმძაფრით,
ცრემლის ფიალა კი აივსო უკვე პირამდის
და დაიღვრება რაჭად ყოფნის ბოლო საღამოს
და რა დაგილევს განშორებულს ფიქრს და სადარდოს.
ისევდაისევ ნაქერალა, მწვანე შაორი,
თეთრ ნისლში რჩება, გემალება გრძნობააყოლილს.
მთებით მკითხაობ, ითვლი, როგორ ფურცლებს გვირილის,
"მოვალ! არ მოვალ" - დაბრუნების ბედს წყვეტ ღიმილით.
და უცებ სევდა... ამ თამაშის ბოლო გაშინებს,
გაურბი პასუხს და მთებს მაინც თვალს ვერ აცილიბ...
..................
და გვირილები მაინც რატომ იყო ამდენი...


2011

მარტის წვიმა

მხიარული სევდა მოაქვს წვიმას,
ღრუბელს სველი ოცნებები წყდება,
მოგონება სულელ გრძნობებს წინწკლავს,
გული დიდი გუბესავით ფეთქავს.

თმაგაშლილი, ფეხშიშველი წვიმა
თავის რიტმზე გულშემოყრით ცეკვავს
და ტროტუარს, როგორც ფანჯრის მინას,
ნაზამთრალი ლაქებისგან რეცხავს.

ციდან თბილი სევდა მოაქვს წვიმას,
ღრუბელს ძველი საიდუმლო წყდება.
ბაღში თავი გაურთვია ნიავს,-
ხის ტოტიდან გამხმარ ფოთლებს ფერთხავს...




მე აღარ ვეტრფი...

მე აღარ ვეტრფი აღარც ღამეს, აღარც ყვავილებს-
ღამე ბნელია და ყვავილიც… როგორ გამიგებს?!
მე აღარ ვეტრფი ალიონს და ნიავის ქროლას_
დილა გვაფხიზლებს, ნიავი კი როგორ ჰგავს ბოდვას....


მე აღარ ვეტრფი არც შხაპუნა, არც თავსხმა წვიმას-
ყელზე მოდებულ ჯაჭვს გვაჩვენებს ბრჭყვიალა მძივად.
მე აღარ ვეტრფი პეპელას და ჩიტების ჟივჟივს-
ერთი მოკვდება, მეორემ კი დაგვიფრთხო ძილი.


მე აღარ ვეტრფი აღარც ზამთარს და აღარც ზაფხულს-
ზამთარი გვყინავს, ზაფხული კი გვავიწყებს წარსულს.
მე აღარ ვეტრფი არც გაზაფხულს, არც შემოდგომას-
ეს ჩერჩეტია, ის ჩამოჰგავს ბოროტ მათხოვარს.


მე აღარ ვეტრფი მეგობრების სითბოს და ალერსს-
უბოდიშოდაც დაგვტოვებენ, უცრემლოდ წავლენ.
მე აღარ ვეტრფი ბაგეებზე გაჩენილ ღიმილს-
გაიყინება წამის მერე, გახდება ცივი.


მე აღარ ვეტრფი გულწრფელობას და ძალაც ნდობის-
ან რა ეშხი აქვს თანადგომის ცრემლების ლოდინს?!
მე აღარ ვეტრფი ერთგულებას, სიყვარულს წმინდას-
ჯერ რა არის და მერე ეგაც დროს რომ თან მიაქვს!..


მე აღარ ვეტრფი აღარაფერს, მე აღარ ვეტრფი...
ძველი ტრფობისგან არც კი დარჩა მცირედი ფერფლიც.
მე აღარ ვეტრფი... ჰო, არ ვეტრფი, მე მჯერა ამის...
აღარ კი არა... ვეტრფი უფრო, რაც წლები გადის...

2009

მხოლოდ ერთი... ვგავდე ტირიფს...

სხვა არ მინდა ახლა მეტი,
მხოლოდ ერთი... ვგავდე ტირიფს,
თუნდაც ვიყო ისე შტერი,
ვუნდებოდე მუდამ ტირილს.

ღია მწვანე კაბა მეცვას,
და მხრებს ვხრიდე, როგორც რტოებს,
ჩუმად ვჭვრეტდე მაღლა ზეცას,
დაბლა ჩრდილად ვშლიდე ნოხებს.

სიყვარულის მქონდეს ნიჭი
და მის გარდა არა მსურდეს,
სულ მახსოვდეს ერთი ფიცი_
გავყურებდე მუდამ შუკებს.

სხვა არ მინდა ახლა მეტი,
მხოლოდ ერთი, ვგავდე ტირიფს,
ყვავილების მქონდეს თმები,
არ ვიშლიდე მუდამ ტირილს...


2009

მე თქვენ მომკალით...მადლობა სიცოცხლისთვის...

თეთრი სუდარა გულმოდგინედ ჩამოშლია პატარა კუბოს... 
კუბოს თავთან სევდიანად დაუხრიათ თავი თეთრ ვარდებს... 
თეთრ ვარდებთან თეთრი სიბნელე იღვრება ირგვლივ... 
გარინდული სულების სუნთქვას ცრემლების ხმა ახშობს. თეთრი ფერი ედებათ თანდათან ამ სულებსაც, მხრებიდან იხსნიან შავ სინათლეს, იმ სითბოსკენ იშვერენ ხელებს, ის თეთრი სიბნელე რომ ფანტავს. 
. . . . . . . . 
პატარა გოგონა... ფუნჩულა,თბილი ხელებით, მზისფერი თმითა და პატარა, სუსტი წელით... ცისფერი სევდა და ვარდისფერი სიანცე ლივლივებს მის დიდი, გებუტულ თვალებში, სიფრიფანა ტუჩები გულივით თრთის და გულნატკენად ეწებება ერთმანეთს. 
... თვი ჩაუხრია ყველას, ნერვიულად მისჩერებიან საკუთარ ფეხებს და ვერ ბედავენ ახედვას. ყველაზე მეტად იმ კუბოსი ეშინიათ, რომელიც სულ არაა ცარიელი და... სიცარიელეს აფრქვევს. 
თავი აქვს ყველას ჩახრილი. პატარა გოგონა დგება და ფეხაკრეფით მიიპარება სკამებზე მსხდომებივით თავჩაქინდრული ვარდებისკენ. უკან დგება, ფრთხილად სწევს ფოთლებს. ეკლებმა შეაშინა ცოტა, მაგრამ მაინც ბედავს მალულად ჭვრეტას. რბილი სურნელი ჟღინთავს მის უხორცო სხეულს. 
. . . . . . . . 
ზრუნვა, სიყვარული, ღიმილი, კოცნა, თანადგომა, მოფერება და თბილი სიტყვები ცისარტყელას ფერებივით ირევა ყველას სახეზე. კუბოსთან ახლოს მჯდომი აჩრდილივით დგება და ძალაგამოცლილი ემხობა უსულო სხეულთან. ცრემლების ზღვაში ტივტივებს პატარა სახე და სულ უფრო იკარგება სიღრმეში. სახეზე ნაოჭები ჩნდება, თმაში - თეთრი ძაფები, მკერდი პატარავდება და მშიშარა ყვავილივით ცახცახებს მხრები, სულ ახლოსაა ვარდებთან, გოგონას რომ მალავს. პატარა გოგონა ხედავს, როგორ ქრება მისი საყვარელი ადამიანის თვალები და თავის პატარა მუშტივით ეკუმშება გული. 
ხელი ეხება ქალს მხრებზე: ვიღაც ცდილობს მის დამშვიდებას და მქრალად უღიმის. მერე სხვებიც ბაძავენ მას და ერთობლივი ოხვრისა და ვიშვიშის შემდეგ ისევ თავჩაქინდრულები გულმოდგინედ აკვირდებიან თავიან ფეხსაცმელებს. 
მაღალი, წელში მოხრილი მამაკაცი შემოდის ოთახში. ქალს ძალაგამოცლილი იმედი ენთება თვალებში. გამხდარი კაცი ფრთხილად ხვევს გამხდარ ხელებს და ოთახიდან გაჰყავს. მისი თითები ძლივსგაბედვით ეხება ქალის ყელს... 
... შავი ფარდა აიშალა ოთახში. უსიამოვნოდ შეიშმუშნენ. ორი დღეა, აღარავის უყვარს აქ შავი ფერი. შეტოკდა სუდარა, ვარდებიც შეტოკდნენ. წყლის წვეთი ჩამოწყდა ფოთოლს, სევდიანად რომ მოაპკურა იმ ქალმა ცოტა ხნის წინ. მხოლოდ გოგონა დგას უძრავად: მოგონებება ჩაურბინეს... 
. . . . . . . . . . 
“მე თქვენ მომკალით...”,- საყვედურით ლუღლუღებს პატარა გოგონა. “მე თქვენ მომკალით... ჰო, გიკვირთ? თქვენ ყოველდღე მკლავდით, ყოველ საათს, ყოველ წუთს... თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მუდმივად მოგყავდით ამ კუბომდე. ახლა ტირით? ნუ იტირებთ! მე აღარაფერში მარგია ეგ ტირილი. ნურც მოეფერებით ჩემს სხეულს, ის გაყინულია და აღარ არის ის ჩემი. მე არ მინდა იქ, სადაც სიცივეა, სადაც სიყვარულით არ ფეთქავს ვინმეს გული... 
მე სითბოს ველოდი ყოველთვის, სითბოს თქვენი თვალებიდან. მინდოდა, ერთი წამით მაინც მეგრძნო თბილი მზერა, რომელსაც მე მაჩუქებდით. თქვენს თვალებს კი ყველაფერი ხიბლავდნენ ირგვლივ: ლამაზი კაბები, ჭრელი ვიტრინები, საწვავის სუნით აყროლებული მანქანები, ძვირფასი ნივთები... სხვები... მე კი გამირბოდნენ... მე მინდოდა, თქვენთვის მეცქირა, მინდოდა, ჩემი თავი დამენახა თქვენს თვალებში. ჩემს თვალებშიც ასეთი მინდოდა, არეკლილიყავით: მე რომ მიყურებთ და იღიმით. 
მე მძულდა გულგრილი თავალები, ისევე როგორც მძულდა, როდესაც გულგრილად მიშვებდით ხელს. მე მინდოდა, ერთად გვევლო ხელიხელჩაკიდებულებს. გვენახა მთები, ველები, ტყეები, ჭალები... ერთად გვეგრძნო ფეხქვეშ მიწა... იცით, რატომ მიყვარდა თქვენი ხელები? მე რომ ხელს გჭიდებდით, თქვენს სხეულში შემოვდიოდი მთელი არსებით. მე ამ დროს აღარ ვიყავი მარტო. 
მე მეშინოდა მარტოობის. ბნელი ლანდები მეხვეოდნენ ხოლმე, მარტო რომ ვიყავი. სევდა, ეჭვი, გულისწყრომა და კიდევ რაღაც მაგვარი სახელები ერქვათ იმ ლანდებს. ქურდულად მიახლოვდებოდნენ და სულ ახლოს სხდებოდნენ ხოლმე ჩემთან. ათას საშინელ რაღაცას მეუბნებოდნენ ხრინწიანი ხმით, ყროლი სუნით მიხუთავდნენ სულს. ყველაზე მეტად კი იმ ერთის მეშინოდა... მათი უფროსი იყო. ცეცხლისფერი თვალები, გრძელი, თეთრი კლანჭები და სისხლიანი ეშვებით მიხეთქვდა გულს. ყველაზე საზიზღარი სუნი ჰქონდა და ყველაზე ხრინწიანი ხმა. ყველაზე შორს დგებოდა ხოლმე ჩემგან, მაგრამ ეს თავიდან. მერე შევნიშნე, რომ ყოველ მოსვლაზე სულ უფრო მიახლოვდებოდა და, რაც უფრო მიახლოვდებოდა, არც სუნი ჰქონდა ისეთი ყროლი და არც ხმა _ ისეთი ხრინწიანი... სიძულვილი ერქვა მას... 
მე მეშინოდა, სულ უფრო ახლოს არ მოსულიყო სიძულვილი და გავურბოდი მარტოობას, მაგრამ თავისით მოდიოდა. არა, ის თქვენი დახმარებით აღწევდა ჩემამდე. მე თქვენთან ვიყავი, მაგრამ ამაოდ ველოდი თქვენს მოფერებას, ღიმილს, თბილ სიტყვებს... თქვენ ხომ ასე ძუნწად იმეტებდით მათ ჩემთვის?! ზოგჯერ ვერც მამჩნევდით... ასეთ დროს მოდიოდა ხოლმე მარტოობა თავისი ლანდებით. 
ჯერ ყვავილებს ვუვლიდი, მერე დიდიცხვირა ძაღლს დავუმეგობრდი, ჩიტიც მივიჩვიე პურის ნამცეცებით... თავიდან ეშინოდათ ლანდებს, შორიდან მიცქერდნენ, მათთან რომ ვიყავი. მაგრამ ერთხელ გაბედეს და... მერე მაინც აგზვნიდნენ ხოლმე მარტოობას. იცით? მათ მარტო თქვენი ეშინოდათ. 
მე სულ გავრბოდი. მინდოდა, სიძულვილს გავქცეოდი, მაგრამ სუსტი ვიყავი და მალე დავიღალე. მუხლები ამტკივდა და ტერფები დამიწყლულდა. ზოგჯერ ნემსებიც მჩხვლეტდნენ მთელ მუცელში, მერე გულთანაც. დავიღალე და ახლა აქ წევს ჩემი დაღლილი სხეული, ამ კუბოში. 
ტირით? ახლა ტირით? რაღა დროს ტირილია! მე უკვე მოვკვდი. მე უკვე მომკლა სიცივემ, გულგრილობამ. ტირით? ახლა გაგახსენდათ, რომ გიყვარვართ? მეც ახლა დავრწმუნდი. რაღა დროსია?! 
ტირით? მჯერა, რომ გულწრფელია თქვენი ტირილი და იტირეთ, თუ ეს შვებას მოგიტანთ. გინდათ მომეფეროთ? ჰო, ვიცი და მოეფრეთ ჩემს გაყინულ სხეულს, თუ ეს სითბოს გაგრძნობინებთ. გინდათ, თქვენთან დავრჩე? ასეა ხომ? 
მე დავრჩები თქვენთან, დავრჩები თქვენთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ მარტოობა არ მინდა, რაღა დროს მარტოობაა, მე მოვკვდი უკვე. მე დავრჩები, იმიტომ რომ სიცოცხლე მაჩუქეთ. თქვენ მომკალით-მეთქი ასე პირდაპირ მოგახალეთ წეღან ჩემი გულისტკივილი და მართალიცაა, მაგრამ სიცოცხლეც ხომ თქვენი წყალობაა? თქვენ ხომ გიყვარდით?.. თქვენ მიღიმოდით, თბილი თვალებით მიცქერდით და თქვენს ხელებში ქრებოდა ჩემი პატარა ხელები. ზოგჯერ გულშიც მიხუტებდით. ისე ახლოს იყო ხოლმე ამ დროს ჩვენი გულები... მე თქვენი გულის ცემა მესმოდა, თქვენ - ჩემი და ერთნაირ ხმას გამოსცემდნენ ისინი. ისიც მახსოვს, ცრემლი რომ შეგიშრიათ ლოყაზე თქვენი ტუჩებით. მე მიხაროდა, მლაშე სითხით რომ განიცდიდით ჩემს გულისტკივილს და მე ის თქვენზე ადრე მავიწყდებოდა. არ გეუბნებოდით, უკვე გაღიმება რომ შემეძლო, მინდოდა, კიდევ ერთხელ მომფერებოდით და თქვენც მეფერებოდით. 
თქვენ გიხაროდათ ჩემი სიხარული. ლამაზი ჭინკები დახტოდნენ თქვენს მოციმციმე თვალებში. თქვენ გიმღერიათ ჩემთვის, გიცეკვიათ, ყყვავილი გიჩუქიათ და როცა მითქვამს, რა ლამაზია-მეთქი, შენცო,- ჩაგიჩურჩულიათ. ჩვენ მდინარეშიც შევსულვართ ერთედ, ალიონსაც შვხვედრივართ ერთად და ვარსკვლავებისთვისაც გვიცქერია ცაზე... 
მე ეს ყველაფერი ძალას მმატებდა. ლამაზი ფერები ჩნდებოდნენ ირგვლივ. მათ შორის ერთი ყველაზე ლამაზი იყო, აი ისეთი, ამ ოთახს რომ ავსებს ახლა. ეს სიყვარულის ფერია. ლამაზია თეთრი ფერი. სხვანაირია, უცნაური: გათბობს და ისე იღიმი, ვერ ხვდები. 
იცით? სიყვარულია სიცოცხლე. ის სიძულვილს ჯაბნის, იმ ლანდ-ურჩხულს, წეღან რომ გეუბნებოდით. სიყვარული გაიძულებს, იცოცხლო და ამიტომ ვარ თქვენი მადლობელი. 
თქვენთან დავრჩები-მეთქი. ჰო, მინდა, თქვენთან დავრჩე, მაგრამ როგორ? მე ხომ მკვდარი ვარ უკვე? ჰო, მოვკვდი უკვე. სუსტი ვიყავი და მალე დავიღალე. ჩემი ბრალია, ალბათ. ისიც შეიძლებოდა, უფრო მეტი სიყვარული გეჩუქებინათ, მაგრამ არა უშავს. რაც არის, არის. მადლობელი ვარ... 
მადლობა სიცოცხლისთვის... 
. . . . . . . . . . . 
თეთრი სუდარა გულმოდგინედ ჩამოშლია პატარა კუბოს... 
კუბოს თავთან სევდიანად დაუხრიათ თავი თეთრ ვარდებს... 
თეთრ ვარდებთან თეთრი სიბნელე იღვრება ირგვლივ... 
თეთრი ფერი ედებათ თანდათან იმათ, ორი მხრიდან რომ უსხედან კუბოს, მხრებიდან იხსნისნ შავ სინათლეს. იმ სითბოსკენ იწვდიან ხელებს, თეთრი სიბნელე რომ ფანტავს. 
ფრთხილად სწევენ ჩაქინდრულ თავებს. ერთმანეთისკენ აპარებენ მორიდებულ მზერას. ღიმილი იღვრება სხვების თვალებიდან და თვითონაც იღიმიან. თბილი ხელებით სხვის ხელებს ეძებენ დროდადრო, თეთრი სითბო მთელ სხეულს ეფინება და გულის შიგნით იყრის თავს. 
შავი ლანდები კბილების ღრჭიალით ტოვებენ ოთახს. მხიარული ფერების ცისარტყელა შემოდის ფანჯრიდან... 
სიყვარული სიძულვილს ამარცხებს... 
სიცოცხლე - სიკვდილს... 
პატარა გოგონა თეთრი ვარდების უკან დგას, სულ არ ეშინია ბასრი ეკლების... 
გოგონა... იღიმის...

2009

Tuesday, September 23, 2014

ჩანაწერი

ნაცრისფერი სევდა. უდანაშაულო დამნაშავის განცდა. შეკითხვებით სავსე საკუთარი თვალები.გონს ვერ მოდიხარ, რა მოხდა, რატომ და როგორ? არც ის იცი დანამდვილებით, მართლა შენ იყავი ეს თუ ვიღაც სხვა, შენს სხეულში შემოჭრილი. ან იქნებ გეძინა და რაღაც ხანგრძლივი ტკბილ-მწარე კოშმარი ნახე??? ყრუ ტკივილის ქვეშ ღრმად ჩალექილი ლამაზი მოგონებები, რომლებსაც აღარ შეუძლიათ ზედაპირზე ამოსვლა და ძველებურად ციმციმი... ჩამოშვებული ფარდა...უსუსური მცდელობა, თავიდან აგეცილებინა ასეთი ბოლო. საკუთარ და სხვის ნერვებსა და გრძნობებზე თამაშობდი მხოლოდ. „დასასრული“- საშინელი სიტყვა, რომელიც ყველაფერს სადღაც ბნელ კუნჭულში ტენის დაუნდობლად... მხოლოდ შენ იცი, რომ სხვანაირად არ შეგეძლო ...მიბოდიალობ შენს ფიქრებში მხრებაჩეჩილი, თავჩამოშვებული, ოდნავ შესველებული თვალებით და მარტო შენს სხეულში ჩაკარგული აცახცახებული ხმა გესმის. არსად ჩამოსაჯდომი, მისაყრდნობი...მხოლოდ უსასრულო მუქი ნაცრისფერი, სინესტე, სუსხი.... გულნატკენად  შემოგყურებს სარკიდან დაღვრემილი არსება და გეკითხება: “ღირდა კი?“ - პასუხი არ არის... მხოლოდ ნაცრისფერი სიცარიელე და სრული მარტობაა. და კიდევ, უდანაშაულო დამნაშავის განცდა.... 

Tuesday, September 16, 2014

ტანგო

ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
აქ ჩვენ ვართ მარტო,
ორი სხეული
ერთმანეთს ათბობს.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
და გულთან ახლოს
ჟღერს ცეცხლიანი
ჩურჩულით ტანგო.

ვხვდები, რომ ვბოდავ,
უსიტყვოდ ვროშავ
სისულელეებს,-
ვჩერდები, მორჩა.
ვხვდები,რომ ვბოდავ,
ვიხსენებ კოცნას,
ამაყ ცეკვაში
მე თავს ვხრი მორცხვად.

შენ მგონი ამჩნევ,
სევდას რომ ვაფრქვევ
და გიკვირს,
რატომ გარიდებ თვალებს.
შენ მგონი ამჩნევ,
მთავრდება ღამე
და შიში გაკრთობს,
რას ვუცქერ ცაზე.

მე მესმის შენი,
მეც შიშით ვკვდები,
ხვალინდელი დღე
რომ რამეს შეცვლის.
მე მესმის შენი,
შენ ცოცხლობ ჩემით
და მე კი ამ დროს
მთვარეს შევცქერი.

შეწყვიტე ეჭვი,
მე მერე გეტყვი,
ახლა ეს ტანგოც
ბევრია ჩემთვის.
შეწყვიტე ეჭვი,
მთვარესაც ჩვენი
კოცნა, დუმილი
და ტანგო შვენის.

მთვარეზე ვხედავ
ჩემს ტანზე მზერას,
ღიმილზე-ბოდვას,
თვალებში-ეშმაკს.
მთვარეზე ვხედავ
მთრთოლარე ვნებას,
ამბავი მოაქვს
ჩრდილების რხევას.

მთვარეზე ვუცქერ
ჩვენს ორ სიუეტს,
ტანგოს ალერსით
გადახლართულებს.
მთვარეზე ვუცქერ
და ვხვდები უცებ,
სხეულს კი არა,
ვაცეკვებთ გულებს.

გავყევით ჰანგებს
რიჟრაჟა ცაზე
და მოედანად
ვაქციეთ მთვარე.
გავყვეით ჰანგებს,
მოშურნე ღამემ
შემოიხია
დეკოლტე ტანზე.

ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს
და აღარ გვახსოვს,
ოცნება როგორ
ვაქციეთ აწმყოდ.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
რომელიც ამბობს,
რომ არასოდეს
ვიქნები მარტო...


2010