Tuesday, September 16, 2014

ტანგო

ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
აქ ჩვენ ვართ მარტო,
ორი სხეული
ერთმანეთს ათბობს.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
და გულთან ახლოს
ჟღერს ცეცხლიანი
ჩურჩულით ტანგო.

ვხვდები, რომ ვბოდავ,
უსიტყვოდ ვროშავ
სისულელეებს,-
ვჩერდები, მორჩა.
ვხვდები,რომ ვბოდავ,
ვიხსენებ კოცნას,
ამაყ ცეკვაში
მე თავს ვხრი მორცხვად.

შენ მგონი ამჩნევ,
სევდას რომ ვაფრქვევ
და გიკვირს,
რატომ გარიდებ თვალებს.
შენ მგონი ამჩნევ,
მთავრდება ღამე
და შიში გაკრთობს,
რას ვუცქერ ცაზე.

მე მესმის შენი,
მეც შიშით ვკვდები,
ხვალინდელი დღე
რომ რამეს შეცვლის.
მე მესმის შენი,
შენ ცოცხლობ ჩემით
და მე კი ამ დროს
მთვარეს შევცქერი.

შეწყვიტე ეჭვი,
მე მერე გეტყვი,
ახლა ეს ტანგოც
ბევრია ჩემთვის.
შეწყვიტე ეჭვი,
მთვარესაც ჩვენი
კოცნა, დუმილი
და ტანგო შვენის.

მთვარეზე ვხედავ
ჩემს ტანზე მზერას,
ღიმილზე-ბოდვას,
თვალებში-ეშმაკს.
მთვარეზე ვხედავ
მთრთოლარე ვნებას,
ამბავი მოაქვს
ჩრდილების რხევას.

მთვარეზე ვუცქერ
ჩვენს ორ სიუეტს,
ტანგოს ალერსით
გადახლართულებს.
მთვარეზე ვუცქერ
და ვხვდები უცებ,
სხეულს კი არა,
ვაცეკვებთ გულებს.

გავყევით ჰანგებს
რიჟრაჟა ცაზე
და მოედანად
ვაქციეთ მთვარე.
გავყვეით ჰანგებს,
მოშურნე ღამემ
შემოიხია
დეკოლტე ტანზე.

ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს
და აღარ გვახსოვს,
ოცნება როგორ
ვაქციეთ აწმყოდ.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
რომელიც ამბობს,
რომ არასოდეს
ვიქნები მარტო...


2010


No comments:

Post a Comment