Saturday, October 4, 2014

მე თქვენ მომკალით...მადლობა სიცოცხლისთვის...

თეთრი სუდარა გულმოდგინედ ჩამოშლია პატარა კუბოს... 
კუბოს თავთან სევდიანად დაუხრიათ თავი თეთრ ვარდებს... 
თეთრ ვარდებთან თეთრი სიბნელე იღვრება ირგვლივ... 
გარინდული სულების სუნთქვას ცრემლების ხმა ახშობს. თეთრი ფერი ედებათ თანდათან ამ სულებსაც, მხრებიდან იხსნიან შავ სინათლეს, იმ სითბოსკენ იშვერენ ხელებს, ის თეთრი სიბნელე რომ ფანტავს. 
. . . . . . . . 
პატარა გოგონა... ფუნჩულა,თბილი ხელებით, მზისფერი თმითა და პატარა, სუსტი წელით... ცისფერი სევდა და ვარდისფერი სიანცე ლივლივებს მის დიდი, გებუტულ თვალებში, სიფრიფანა ტუჩები გულივით თრთის და გულნატკენად ეწებება ერთმანეთს. 
... თვი ჩაუხრია ყველას, ნერვიულად მისჩერებიან საკუთარ ფეხებს და ვერ ბედავენ ახედვას. ყველაზე მეტად იმ კუბოსი ეშინიათ, რომელიც სულ არაა ცარიელი და... სიცარიელეს აფრქვევს. 
თავი აქვს ყველას ჩახრილი. პატარა გოგონა დგება და ფეხაკრეფით მიიპარება სკამებზე მსხდომებივით თავჩაქინდრული ვარდებისკენ. უკან დგება, ფრთხილად სწევს ფოთლებს. ეკლებმა შეაშინა ცოტა, მაგრამ მაინც ბედავს მალულად ჭვრეტას. რბილი სურნელი ჟღინთავს მის უხორცო სხეულს. 
. . . . . . . . 
ზრუნვა, სიყვარული, ღიმილი, კოცნა, თანადგომა, მოფერება და თბილი სიტყვები ცისარტყელას ფერებივით ირევა ყველას სახეზე. კუბოსთან ახლოს მჯდომი აჩრდილივით დგება და ძალაგამოცლილი ემხობა უსულო სხეულთან. ცრემლების ზღვაში ტივტივებს პატარა სახე და სულ უფრო იკარგება სიღრმეში. სახეზე ნაოჭები ჩნდება, თმაში - თეთრი ძაფები, მკერდი პატარავდება და მშიშარა ყვავილივით ცახცახებს მხრები, სულ ახლოსაა ვარდებთან, გოგონას რომ მალავს. პატარა გოგონა ხედავს, როგორ ქრება მისი საყვარელი ადამიანის თვალები და თავის პატარა მუშტივით ეკუმშება გული. 
ხელი ეხება ქალს მხრებზე: ვიღაც ცდილობს მის დამშვიდებას და მქრალად უღიმის. მერე სხვებიც ბაძავენ მას და ერთობლივი ოხვრისა და ვიშვიშის შემდეგ ისევ თავჩაქინდრულები გულმოდგინედ აკვირდებიან თავიან ფეხსაცმელებს. 
მაღალი, წელში მოხრილი მამაკაცი შემოდის ოთახში. ქალს ძალაგამოცლილი იმედი ენთება თვალებში. გამხდარი კაცი ფრთხილად ხვევს გამხდარ ხელებს და ოთახიდან გაჰყავს. მისი თითები ძლივსგაბედვით ეხება ქალის ყელს... 
... შავი ფარდა აიშალა ოთახში. უსიამოვნოდ შეიშმუშნენ. ორი დღეა, აღარავის უყვარს აქ შავი ფერი. შეტოკდა სუდარა, ვარდებიც შეტოკდნენ. წყლის წვეთი ჩამოწყდა ფოთოლს, სევდიანად რომ მოაპკურა იმ ქალმა ცოტა ხნის წინ. მხოლოდ გოგონა დგას უძრავად: მოგონებება ჩაურბინეს... 
. . . . . . . . . . 
“მე თქვენ მომკალით...”,- საყვედურით ლუღლუღებს პატარა გოგონა. “მე თქვენ მომკალით... ჰო, გიკვირთ? თქვენ ყოველდღე მკლავდით, ყოველ საათს, ყოველ წუთს... თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მუდმივად მოგყავდით ამ კუბომდე. ახლა ტირით? ნუ იტირებთ! მე აღარაფერში მარგია ეგ ტირილი. ნურც მოეფერებით ჩემს სხეულს, ის გაყინულია და აღარ არის ის ჩემი. მე არ მინდა იქ, სადაც სიცივეა, სადაც სიყვარულით არ ფეთქავს ვინმეს გული... 
მე სითბოს ველოდი ყოველთვის, სითბოს თქვენი თვალებიდან. მინდოდა, ერთი წამით მაინც მეგრძნო თბილი მზერა, რომელსაც მე მაჩუქებდით. თქვენს თვალებს კი ყველაფერი ხიბლავდნენ ირგვლივ: ლამაზი კაბები, ჭრელი ვიტრინები, საწვავის სუნით აყროლებული მანქანები, ძვირფასი ნივთები... სხვები... მე კი გამირბოდნენ... მე მინდოდა, თქვენთვის მეცქირა, მინდოდა, ჩემი თავი დამენახა თქვენს თვალებში. ჩემს თვალებშიც ასეთი მინდოდა, არეკლილიყავით: მე რომ მიყურებთ და იღიმით. 
მე მძულდა გულგრილი თავალები, ისევე როგორც მძულდა, როდესაც გულგრილად მიშვებდით ხელს. მე მინდოდა, ერთად გვევლო ხელიხელჩაკიდებულებს. გვენახა მთები, ველები, ტყეები, ჭალები... ერთად გვეგრძნო ფეხქვეშ მიწა... იცით, რატომ მიყვარდა თქვენი ხელები? მე რომ ხელს გჭიდებდით, თქვენს სხეულში შემოვდიოდი მთელი არსებით. მე ამ დროს აღარ ვიყავი მარტო. 
მე მეშინოდა მარტოობის. ბნელი ლანდები მეხვეოდნენ ხოლმე, მარტო რომ ვიყავი. სევდა, ეჭვი, გულისწყრომა და კიდევ რაღაც მაგვარი სახელები ერქვათ იმ ლანდებს. ქურდულად მიახლოვდებოდნენ და სულ ახლოს სხდებოდნენ ხოლმე ჩემთან. ათას საშინელ რაღაცას მეუბნებოდნენ ხრინწიანი ხმით, ყროლი სუნით მიხუთავდნენ სულს. ყველაზე მეტად კი იმ ერთის მეშინოდა... მათი უფროსი იყო. ცეცხლისფერი თვალები, გრძელი, თეთრი კლანჭები და სისხლიანი ეშვებით მიხეთქვდა გულს. ყველაზე საზიზღარი სუნი ჰქონდა და ყველაზე ხრინწიანი ხმა. ყველაზე შორს დგებოდა ხოლმე ჩემგან, მაგრამ ეს თავიდან. მერე შევნიშნე, რომ ყოველ მოსვლაზე სულ უფრო მიახლოვდებოდა და, რაც უფრო მიახლოვდებოდა, არც სუნი ჰქონდა ისეთი ყროლი და არც ხმა _ ისეთი ხრინწიანი... სიძულვილი ერქვა მას... 
მე მეშინოდა, სულ უფრო ახლოს არ მოსულიყო სიძულვილი და გავურბოდი მარტოობას, მაგრამ თავისით მოდიოდა. არა, ის თქვენი დახმარებით აღწევდა ჩემამდე. მე თქვენთან ვიყავი, მაგრამ ამაოდ ველოდი თქვენს მოფერებას, ღიმილს, თბილ სიტყვებს... თქვენ ხომ ასე ძუნწად იმეტებდით მათ ჩემთვის?! ზოგჯერ ვერც მამჩნევდით... ასეთ დროს მოდიოდა ხოლმე მარტოობა თავისი ლანდებით. 
ჯერ ყვავილებს ვუვლიდი, მერე დიდიცხვირა ძაღლს დავუმეგობრდი, ჩიტიც მივიჩვიე პურის ნამცეცებით... თავიდან ეშინოდათ ლანდებს, შორიდან მიცქერდნენ, მათთან რომ ვიყავი. მაგრამ ერთხელ გაბედეს და... მერე მაინც აგზვნიდნენ ხოლმე მარტოობას. იცით? მათ მარტო თქვენი ეშინოდათ. 
მე სულ გავრბოდი. მინდოდა, სიძულვილს გავქცეოდი, მაგრამ სუსტი ვიყავი და მალე დავიღალე. მუხლები ამტკივდა და ტერფები დამიწყლულდა. ზოგჯერ ნემსებიც მჩხვლეტდნენ მთელ მუცელში, მერე გულთანაც. დავიღალე და ახლა აქ წევს ჩემი დაღლილი სხეული, ამ კუბოში. 
ტირით? ახლა ტირით? რაღა დროს ტირილია! მე უკვე მოვკვდი. მე უკვე მომკლა სიცივემ, გულგრილობამ. ტირით? ახლა გაგახსენდათ, რომ გიყვარვართ? მეც ახლა დავრწმუნდი. რაღა დროსია?! 
ტირით? მჯერა, რომ გულწრფელია თქვენი ტირილი და იტირეთ, თუ ეს შვებას მოგიტანთ. გინდათ მომეფეროთ? ჰო, ვიცი და მოეფრეთ ჩემს გაყინულ სხეულს, თუ ეს სითბოს გაგრძნობინებთ. გინდათ, თქვენთან დავრჩე? ასეა ხომ? 
მე დავრჩები თქვენთან, დავრჩები თქვენთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ მარტოობა არ მინდა, რაღა დროს მარტოობაა, მე მოვკვდი უკვე. მე დავრჩები, იმიტომ რომ სიცოცხლე მაჩუქეთ. თქვენ მომკალით-მეთქი ასე პირდაპირ მოგახალეთ წეღან ჩემი გულისტკივილი და მართალიცაა, მაგრამ სიცოცხლეც ხომ თქვენი წყალობაა? თქვენ ხომ გიყვარდით?.. თქვენ მიღიმოდით, თბილი თვალებით მიცქერდით და თქვენს ხელებში ქრებოდა ჩემი პატარა ხელები. ზოგჯერ გულშიც მიხუტებდით. ისე ახლოს იყო ხოლმე ამ დროს ჩვენი გულები... მე თქვენი გულის ცემა მესმოდა, თქვენ - ჩემი და ერთნაირ ხმას გამოსცემდნენ ისინი. ისიც მახსოვს, ცრემლი რომ შეგიშრიათ ლოყაზე თქვენი ტუჩებით. მე მიხაროდა, მლაშე სითხით რომ განიცდიდით ჩემს გულისტკივილს და მე ის თქვენზე ადრე მავიწყდებოდა. არ გეუბნებოდით, უკვე გაღიმება რომ შემეძლო, მინდოდა, კიდევ ერთხელ მომფერებოდით და თქვენც მეფერებოდით. 
თქვენ გიხაროდათ ჩემი სიხარული. ლამაზი ჭინკები დახტოდნენ თქვენს მოციმციმე თვალებში. თქვენ გიმღერიათ ჩემთვის, გიცეკვიათ, ყყვავილი გიჩუქიათ და როცა მითქვამს, რა ლამაზია-მეთქი, შენცო,- ჩაგიჩურჩულიათ. ჩვენ მდინარეშიც შევსულვართ ერთედ, ალიონსაც შვხვედრივართ ერთად და ვარსკვლავებისთვისაც გვიცქერია ცაზე... 
მე ეს ყველაფერი ძალას მმატებდა. ლამაზი ფერები ჩნდებოდნენ ირგვლივ. მათ შორის ერთი ყველაზე ლამაზი იყო, აი ისეთი, ამ ოთახს რომ ავსებს ახლა. ეს სიყვარულის ფერია. ლამაზია თეთრი ფერი. სხვანაირია, უცნაური: გათბობს და ისე იღიმი, ვერ ხვდები. 
იცით? სიყვარულია სიცოცხლე. ის სიძულვილს ჯაბნის, იმ ლანდ-ურჩხულს, წეღან რომ გეუბნებოდით. სიყვარული გაიძულებს, იცოცხლო და ამიტომ ვარ თქვენი მადლობელი. 
თქვენთან დავრჩები-მეთქი. ჰო, მინდა, თქვენთან დავრჩე, მაგრამ როგორ? მე ხომ მკვდარი ვარ უკვე? ჰო, მოვკვდი უკვე. სუსტი ვიყავი და მალე დავიღალე. ჩემი ბრალია, ალბათ. ისიც შეიძლებოდა, უფრო მეტი სიყვარული გეჩუქებინათ, მაგრამ არა უშავს. რაც არის, არის. მადლობელი ვარ... 
მადლობა სიცოცხლისთვის... 
. . . . . . . . . . . 
თეთრი სუდარა გულმოდგინედ ჩამოშლია პატარა კუბოს... 
კუბოს თავთან სევდიანად დაუხრიათ თავი თეთრ ვარდებს... 
თეთრ ვარდებთან თეთრი სიბნელე იღვრება ირგვლივ... 
თეთრი ფერი ედებათ თანდათან იმათ, ორი მხრიდან რომ უსხედან კუბოს, მხრებიდან იხსნისნ შავ სინათლეს. იმ სითბოსკენ იწვდიან ხელებს, თეთრი სიბნელე რომ ფანტავს. 
ფრთხილად სწევენ ჩაქინდრულ თავებს. ერთმანეთისკენ აპარებენ მორიდებულ მზერას. ღიმილი იღვრება სხვების თვალებიდან და თვითონაც იღიმიან. თბილი ხელებით სხვის ხელებს ეძებენ დროდადრო, თეთრი სითბო მთელ სხეულს ეფინება და გულის შიგნით იყრის თავს. 
შავი ლანდები კბილების ღრჭიალით ტოვებენ ოთახს. მხიარული ფერების ცისარტყელა შემოდის ფანჯრიდან... 
სიყვარული სიძულვილს ამარცხებს... 
სიცოცხლე - სიკვდილს... 
პატარა გოგონა თეთრი ვარდების უკან დგას, სულ არ ეშინია ბასრი ეკლების... 
გოგონა... იღიმის...

2009

No comments:

Post a Comment