ისევ დაღამდა, წამი გაშეშდა,
გარეთ ალვების რხევაც გაჩერდა
და სულში ისევ შემოაბიჯა
ღამის წყვდიადმა და მყუდროებამ.
ისევ დაღამდა და გადაეკრა
სიბნელის ლიბრი ცას და გულს ერთად,
დღე ნამსხვრევებად დაცვივდა ისევ....
ღამე მაგონებს გულბოროტ წერაქვს!
წეღან დღეს ისევ მწარედ გააწნეს,
ისევ ხურავენ იქით დარაბებს
და ჩემს ლოგინში სველ ბალიშიდან
ისევ მოველი ფიქრის ნიაღვრებს.
"თუ არ გცალია დღისით ფიქრისთვის,
ამ უკუნეთში მაინც მოიცლი" -
კვლავ ახორხოცდნენ ბნელი ფიქრები,
მათი ბელადი შავ ხელებს მიწვდის.
შორს გაიელვა ბნელამ სინათლემ,
ალბათ, იმეხებს ცოდვილ მიწაზე,
მერე გრიგალის ორომტრიალში
ვიღაც დილამდე ვეღარ მიაღწევს.
მალე არავინ ჩაუვლი ქუჩებს,
გაუთენდებათ სისხლიან ტურებს.
თეთრი კრავების გულთ ცახცახში
ვერ დავიძინე მშვიდად ვერც წუხელ.
2009
No comments:
Post a Comment