Thursday, March 3, 2016

ნახატი დედას

ჩემს კუჭში ნამდვილი ომი იწყებოდა, მაგრამ ვერ გავუძელი დედას ნახატის ხატვის დაუყონებლივ დაწყების ცდუნებას. დედაჩემის პირმშო შვილის მოტანილ ბანანს დავჯერდი და საღებავების ძებნა დავიწყე გამალებით. ფუნჯი და ქილაც გამოვაძვრინე ფარდის უკნიდან ოთახის სინათლეზე და თეთრი ფურცლის ცისფრად დაფარვას შევუდექი (თან ცაციათი ბანანს ვილუკმებოდი). რატომღაც ჩავთვალე, რომ ცისფერი ყველაზე მეტად შეეფერება დედისთვის განკუთვნილ ნახატს. ახლა დავფიქრდი, რითი ამეხსნა ამ ნაჯღაბნში ცის-ფრის არჩევა და დედა ხომ ცასავით იმედიანია, შვილები ხომ მუდამ მას შევყურებთ, როგორც მშრომელი კაცი ცას-მეთქი. მომწონს იმის გაფიქრება, რომ ჭკვიანი შვილი ყავს დედაჩემს, ან მაგის მგავსი რაღაც... ისევ ფიქრს ვაგრძელებ, დედაც ხომ ხან მოწმენდილია, ხან ღრუბლიანი და ავდრიანი, იქნებ ზოგჯერ სეტყვაც დაგაწიოს, მაგრამ დედა შენი ცაა მაინც, მისი გულის ტატნობიდან მოელი მუდამ შველას. თუ დედა გადაგავიწყდა, მიწისკენ და უფსკრულისკენ წასულხარ ალბათ. დედა თავისი ყავს ყველას, ისევე როგორც ქვეყნის ყველა კიდეს თავისი ცა აქვს. ზოგი დედა უფრო კამკამაა, ზოგი უფრო ჩაბნელებულ-ჩაწყვდიადებული. დედაც ბედისწერის ნაწილია, დედა შენამდე ყოფილა და ვინც შეგხვდა დედად, ეგაა შენი ბედი, ეგ გეყოლება სიცოცხლის ბოლომდე და მის მერეც, როგორც მიწას ცას ვერ გამოუცვლი.

რას ვბოდიალობ ნეტავ, იქნებ მზე მინდოდა დამეხატა და სულაც ამიტომ ავიღე ცისფერი საღებავი?! რომ არ ვფიქრობდი მზის დახატვას?!

მაშინ მხოლოდ იასამნის დახატვას ვაპირებდი. ისიც, აი, რატომ: ჩემი ყველა სამმარტო და სარვამარტო ბარათი ყვავილებით იყო ხოლმე მორთული (ისინი ახლაც ინახება უჯრაში, დედას ლექსებთან და მეგობრების წერილებთან ერთად). ჰოდა, ვითომ რატომ არ გავიხსენო ბავშვობა, ახლაც, როგორც მაშინ, საჩუქარს ხომ მაინც ვერ ვუყიდი-მეთქი. მაინც როგორი ყვავილები უნდა დამეხატა? გამახსენდა დედა, სოფლიდან რომ ჩამომივიდა იასამნებით. თუმცა არც კი ვიცი, მართლა ასე თუ იყო. იქნებ ქრიზანთემები ჩამომიტანა? ჰო, იასამნები ნატოსთან მოიტანა ტიტებთან ერთად და გავიყავით. უკვე გვიანია, იასამნიც ხატვის მცდელობა დასრულებულია. მერე რა, რომ არ გავს. დედა ნამდვილად მიხვდება, რა არის ის.

მერე გაჩნდა იები, რომლებიც ყოველთვის გვიან ყვავდებოდნენ ჩემს ეზოში და იძულებული ვხდებოდი, ისევ ფანქრით მეხატა ყვავილები. და ბოლოს, მზე...

გულის დაწყვეტა, დედას საჩუქარს ვერ ვუყიდი-მეთქი, შემსუბუქდა. თორემ თავის იმით ნუგეში, რომ ბოლოჯერ ვარ ფულნაკლული შვილი-მეთქი, უშედეგოა. სურვილი, რომ ავუნაზღაურო დედას შეუღებავი ჭაღერები და არშემდგარი ლაღი დღეები, მგონია, მაშინ დაკმაყოფილდება, როცა დედა დაბერდება. არადა, მაშინაც დედას იმედი მაქვს, შვილიშვილებს რომ ჩავუყვან, სოფლის კვერცხითა და მაწვნით გამიძღობს-მეთქი.

როცა მცენარე იზრდება, მზეს უახლოვდება, ჩვენ კი რაც ვიზრდებით, მით ვშორდებით ჩვენს ცას და მიწისკენ მივიწევთ. ჩვენი ცის მზე კი, რომელიც ყოველთვის თაკარაა, ღრუბლის მიღმიდანაც კი გვწდება, გვათბობს და გვანათებს.

No comments:

Post a Comment