Tuesday, January 6, 2015

შინდისფერი ჩანთა და ალილოობა

დილითვე მოვიმარჯვებდი ხოლმე ნაჭრისგან შეკერილ შინდისფერ ჩანთა-პარკს. ზამთარში სულ ადრე ღამდება ერთადერთი დღის გარდა - მაინცდამაინც ალილოობის დღეს საღამოვდებოდა გვიან. ვიჟექი მთელი დღე და შებინდებას ველოდებოდი ფანჯარაში მომზირალი, მერე ჩემს ძმებთან ერთად გავდიოდი კარდაკარ ჩამოსავლელად. ძმები რომ გაიზარდნენ, ჩემს თანატოლ გოგოებთან ერთად ვმღეროდი „ალათასა - მალათასას". ყველაზე ძუნწი ბაბოებიც კი ხელს გვიქნევდნენ და თავიანთი ბუნაგისკენ გვეპატიჟებოდნენ კაკლების მოსაცემად. მერე ვინაწილებდით მონაგარს: კამფეტებს, ხილს, ჩურჩხელებს, კვერცხებს... მახსოვს ერთი ალილო, ჩვენს სახლში დედაჩემი გვინაწილებდა ნაშოვნს ლამფის შუქზე, რაც თანაბრად არ იყოფოდა, ჩემი მეზობლების საკუთრება ხდებოდა... 
სითბო და ბავშვობაა ალილო...
შინდესფერ ჩანთაში ლოტოს ბარათებმა და კოჭებმა დაიდეს ბინა, მერე გაიხა და სადღაც დაასრულა სიცოცხლე შეუმჩნევლად....
არ ვიცი, რატომ სჭირდება ალილოს ასაკი...
ოღონდ ახლა კარზე მომიკაკუნებდეს ვინმე და იმღერებდეს:
„ალათასა-მალათასა,
ხელი ჩავყავ კალათასა,
ძალო, კვერცხი გადმომიგდე,
შენი სახლი ბარაქასა.
არიელი, მარიელი,
არ გამგზავნო ცარიელი."
შობის სასწაულად ჩავთვლიდი... და არ გავგზავნიდი ცარიელს, ჩემი ქათმუნიების კვერცხებს ჩავუწყობდი ფრთხილად...
მგონი დავამთავრე სათქმელი, მაგრამ მენანება დასამთავრებლად, თითქოს ახლიდან მთავრდებოდეს ბავშვობა....

6 იანვარი, 2015 წელი.

1 comment: