Sunday, January 3, 2016

საყვარელო თოვლის პაპავ!

გუშინ ხის წებო რომ გთხოვე, უკვე მიყიდა "ჯუდა პაპამ". ჰოდა, ახლა სხვა რამე მოვიფიქროთ. რაც ყველაზე მეტად მინდა, ეგ რომ საჩუქრის ყუთში არ იდება, იცი. თუ შეგიძლია, რომ ცოტა მიდგე-მოდგე, სხვა ამბავია. ძალიან გამახარებ და საჩუქრის საყიდელ ფულსაც დაზოგავ. ისე, ალბათ არ გეტყოდნენ შენ თხოვნაზე უარს, თუმცა რა ვიცი, ზოგს აღარც ახსოვს, ბავშვი რომ იყო... მოკლედ, თუ ვერ შეძელი, შობის ღამეს ჩავფიქრებ ისევ. სხვა საჩუქარს რაც შეეხება, ძალიან მინდა კედელზე დასაკიდი თარო (არასტანდარტული, ჩემს ლეპტოპში შეგიძლია ნახო სურათი), სავარჯიშო ბურთი, იისფერი ბოტასები (ადიდასის), ფინჯანი-ქოთანი, ელ. ღუმელი, საკერავი მანქანა, სამზარეულოს მოწყობილობები, დიიდი სარკე (მთლიანად რომ ვჩანდე), ველოსიპედის ბოქლომი და ორქიდეა (რომელიმე ფერის). ნუ გადაისვამ ახლა ჭაღარაზე ხელს შეცბუნებული, ამ ყველაფერს არ გთხოვ, თვითონ ამოირჩიე, რომელსაც შეძლებ. გაითვალისწინე, რომ წითელი მაგისტრი გავხდი წელს, ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ნაკლებ ხელფასს დავჯერდი და უკეთესი დიასახლისიც რომ გავხდი. საერთოდაც, შესანიშნავად ვიქცევი (გააჩნია, რომელი მხრიდან შევხედავთ ამას). და ყველაზე მთავარი! მხოლოდ ფარდის დაკიდებისთვის ვიმსახურებ საჩუქარს, ეს ჩემი ყველაზე გმირული საქციელია. ახლა მეორეს სანამ დავკიდებ, ვისვენებ და ამან გადამაწყვეტინა წერილის მოწერა. სახლში არ ვიქნები, სოფელში მივდივარ. ე. წ. "ფორთოჩკას" ღიას ვტოვებ, საჩუქარი მაგ ფარდასთან დატოვე, ეგ განსაკუთრებულად ცუდი დასაკიდია. შეგიძლია აბაზანაში შეიარო, წელს უფრო იბდღვრიალებს. მაცივარს ნუ გამოხსნი, არაფერი არ დაგხვდება, სიგრილე კიდევ არც ისე გაკლია. სოფელში ჩამოსვლა არ დაგავიწყდეს, ცოტნემ იქნებ შენს დანახვაზე მაინც დაიწყოს ლაპარაკი.
მიყვარხარ, მერე რა, რომ არ არსებობ.
პ.ს. ძალიან გაუფრთხილებლად ნუ მოხვალ სოფელში, სმენა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვირუსზე დამიქვეითდა, მგონი მიბრუნდება ისევ და გავიგებ. smile emoticon
შენი... მმმმმმ, არ ვიცი, როგორ მეძახი, ალბათ ლიკა.

No comments:

Post a Comment