Sunday, October 23, 2016

შეწყვეტილი შემოდგომა

მწიფემსხლისფერი შემოდგომა აყოლებს კვნესას
გაფრენილ ფოთლებს და ნეშომპალას,
გამოყვითლება არ დასცალდა ზოგ მათგანს წელსაც,
დაურიდებლად წაიღო ქარმა.
გაბუტულ ტუჩებს ადებს მინას ანცი გოგონა,
ტკბილი ოქტომბრით ვერ ისარგებლა,
შიშველ კანჭებზე ვერ მოირგო გეტრები, ჰოდა,
ჩაი შემოდგა, ეძლევა სევდას.






22.10.2016 (23.10.2016)

****

გადამიავდრდა, ცისარტყელა ჩემსკენაც კრთება,
მკრთალად, ნელინელ იკვეთება ფერთა პალიტრა,
იმ ღამეებს კი, რაც ვათენე აქამდე თეთრად,
ხაზს გადავუსმევ და ცხოვრებას ვიწყებ ახლიდან.

22.10.2016 (23.10.2016)

***

ათას გაზაფხულს გავუძლებ და ფანტელთ თოვებას,
გადათანგული მარტო შევძლებ ჩრდილის მოძებნას,
ოღონდ ამ ფოთლებს, ყვითელ ფოთლებს ნუ შემატოვებ,
მათი შრიალი მოჰგავს შენი ხელის მოხვევას.

22.10.16