იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ბიჭი აჩიკო. რაღა პატარა, მისი თანატოლები
ბიჭები უკვე დამოუკიდებლად იცვამდნენ ტანსაცმელს,
დამოუკიდებლად სადილობდნენ და არც იმას ნაღვლობდნენ,
დედები ბებიებთან ან ბაბუებთან თუ დატოვებდნენ. პირიქით, იმასაც კი ნატრობდნენ, ნეტა
სულაც მარტო დავრჩეთ სახლში, ჩვენ ხომ უკვე დიდები ვართ და თვითონ მოვუვლით ჩვენსავე
თავსო. მაგრამ რომ ვთქვათ, აჩიკო დიდი ბიჭი იყოო, შეიძლება გაგვინაწყენდეს ჩვენი ზღაპრის
გმირი. მას ხომ უნდოდა, რომ არ გაზრდილიყო და სულ პატარა, დედას პატარა აჩიკო ყოფილიყო.
ჰოდა, მოდი, დავუძახოთ მას პატარა პიჭი, პატარა ბიჭი აჩიკო.
ერთ მშვენიერ დღესაც აჩიკოს გაკვეთილები დაუმთავრდა და დედის მოსვლამდე
თავის კლასელებთან ერთად ჩვეულებრივ თამაშობდა სკოლის ეზოში: „წეროები“, ამბობს ლადო,
„მიფრინავენ“,- აგრძელებს თიკა, „სად“, -ეს სალოა, „შორს“- უკვე თვითონ პატარა ბიჭი
აჩიკო იძახის, თან თავისი მეგობრებივით ხელს ხელზე ურტყამს გვერდით მდგომს. „ცხრამეტი“,
- ეშმაკურად იცინის ლადო და იწყება: „ერთი, ორი,სამი, ოთხი....“. თან ხელების მხიარული
ტკაცატკუცი ისმის.
-დედაააა! - სატირლად გამზადებული იძახის პატარა ბიჭი აჩიკო და ეზოში ახლადშემოსული დედისკენ
გარბის.
ლადო, თიკა და სალო მოღუშულები შესცქერიან ერთმანეთს. აღარ ისმის ხელების
ხმა, ახლა ხომ პატარა ბიჭ აჩიკოს უნდა ეთქვა „თერთმეტი“ და ლადოც იგემებდა მისი არც
თუ პატარა ხელის წკაპანს.
-თამაში ჩაიშალა - რაღაცნაირი ხმით ჩაილაპარაკა ლადომ. გოგოებმაც ნაწყენად
შეავლეს თვალი ჩვენს გმირს და პაწაწინა იების საკრეფად გაეშურნენ.
პატარა ბიჭ აჩიკოს კი დედასთვის მაგრად ჩაეჭიდა ხელი, თითქოს ეშინოდა,
არსად გაიქცესო. იგი ვეღარც კი ამჩნევდა თავის მეგობარ გოგონებს, აი, ლადოს ხმა კი... ლადოს ხმა
გზაზე დედის გვერდით მოსიარულესაც ახსოვდა. „რა უცნაური ხმა ჰქონდა ლადოს....“ პატარა ბიჭმა აჩიკომ, ხელი აიქნია,
თითქოს ამ უადგილო აზრის მოშორება უნდაო და მეორე ხელი კიდევ უფრო მოუჭირა დედას ხელზე.
სახლში დაბრუნებისას უსიამოვნო ამბავი უთხრა დედამ:
-აჩიკო, ჩემო აჩიკო, ახლა ცოტა ვისადილოთ მხოლოდ. „მუცელი შეინახე“, კატოს
დაბადების დღეზე უნდა წავიდეთ.
პატარა ბიჭმა აჩიკომ სლუკუნი მორთო:
-არ მინდა დაბადების დღეზეეეეე!
-იცი როგორ გაუხარდება კატოს შენი მისვლა?!
-არ მინდააააა!!!
-ნახე, კატოს საჩუქარი! - დედა ლამაზ ბარბის თოჯინას აჩვენებს თავის პატარა
ბიჭს - შენ აჩუქე. კარგი?
მაგრამ პატარა ბიჭ აჩიკოს არაფრის გაგონება არ უნდა:
-მე ჩემი მულტფილმის ყურება მინდაააა!
ბევრი იტირა თუ ცოტა იტირა, მაინც არაფერი ეშველა. დედამ მაინც წაიყვანა
ჩვენი ჭირვეული ბიჭი კატოს დაბადების დღეზე. იქ კი...ოხ, რამდენი ბავშვი! არ უნდა პატარა
ბიჭ აჩიკოს აქ. რა კარგად ისვრის დათო ისარს მიზანში! რამხელა ბუშტს ბერავს საღეჭი რეზინისგან თათა! გიორგი
კი დიდი კაცივით ჭამს საჭმელს ჩანგლით!!! პატარა ბიჭი აჩიკო ჩაფიქრდა. თვითონ სულ ისვრის
ტანსაცმელს ჭამის დროს, ვერც ბუშტის გაბერვა ისწავლა. ისრის სროლა კი სულ არ უცდია.
მას მხოლოდ მულტფლმები, ცხოველები და თავისი პატარა დათუნია უყვარს. შერცხვა პატარა
ბიჭ აჩიკოს და სიმწრის ცრემლი მოადგა თვალზე. დედამ შეამჩნია და გულში ჩაიხუტა.
-წავიდეთ რაა.წავიდეთ. - ეჩურჩულება დედას და თან უფრო ეკვრის.
-ცოტა ხანს დატოვე შენი ბიჭი და ყავა დავლიოთ - ეუბნება აჩიკოს დედას კატოს
დედა და პატარა ბიჭ აჩიკოსკენ იყურება მომღიმარი, - დიდი ბიჭია უკვე.
წასასვლელად ემზადება დედა.
-აჩიკო, - ხელს ადებს კატო მხარზე. - აჩიკო, რა ლამაზი ბარბია! -ბედნიერი
სახით დასცქერის გოგონა თავის საჩუქარს.
პატარა ბიჭმა აჩიკომ სასწრაფოდ მოიშორა კატოს ხელი და დედისკენ მოკურცხლა.
თან კურცხალი ცრემლებიც მოამზადა სატირლად. ცრემლები გოგონასაც გადმოსცვივდა.
- მე... მე მინდოდა, მადლობა მეთქვა, - ლუღლუღებდა დედის მკერდზე თავმიყრდნობილი
და ისეთი თვალებით იყურებოდა ბიჭუნასკენ, თიკას და სალოს რომ ჰქონდათ სკოლის ეზოში.
-წავიდეეეეთ! - ისევ თავისას გაიძახის პატარა ბიჭი აჩიკო.
-კარგი, კარგი. სევდიანი და ცოტა გაბრაზებული პასუხობს დედა და ქურთუკს
აცმევს შვილს. კატო ისევ ძველებურად თამაშობს ბავშვებთან. დედები კი ყავის დასალევად
გადიან სხვა ოთახში.
დედა ბოდიშს უხდის მასპინძელს და თან წასვლას ჩქარობს.
დედას უყვარს ყავა. თავის ლამაზ თითებს შემოხვევს ხოლმე ფინჯანს, მეგობრებთან
მხიარული საუბრით ნელ-ნელა სვამს, თან თვალებს ჭუტავს ოდნავ. ახლა არ დალევს დედა ყავას.
მას ახლა პატარა, ჭირვეული ბიჭი მიყავს სახლში და ჩუმად ბუზღუნებს:
-ნეტავ როდის უნდა გაიზარდო? როგორ დავიღალე, როგორ...
პატარა ბიჭ აჩიკოს უნდა ხელზე ჩაებღაუჭოს დედას, მაგრამ დაუსრულებლად ესმის
ყურებში: „დავიღალე.დავიღალე.დავიღალეეე...“ შერცხვა ჩვენს ბიჭუნას და სახლში რომ დაბრუნდნენ, მხრებაწურული შეიპარა
ოთახში. იქ კი სარკის წინ გაჩერდა და თვალი შეავლო საკუთარ თავს. აი, უკვე ეს შარვალიც
დაუმოკლდა, არადა ცოტა ხნის წინ უყიდა მამამ. ჩაფიქრდა. მერე კი ლადოს უცნაური ხმა
შემოესმა: „თამაში ჩაიშალა“. ახლა აღარ აუქნევია ხელი ფიქრისთვის. „ნეტავ რატომ ჰქონდა
სხვანაირი ხმა ლადოს?“ ახლა მტირალი კატო გაახსენდა. „კატო რატომ ტიროდა? მე ხომ არაფერი
მითქვამს, არც ჩამირტყავს? აბა რატომ ტიროდა?“ „დავიღალე“- ახლა დედის ხმა ესმის.
„რამ დაღალა დედა?“ თან დედის ხელები უდგას თვალწინ, ყავის ფინჯანზე შემოხვეული...
ისევ შეხედა სარკეს. მერე დაიხედა კიდეც შარვლის დამოკლებულ ტოტებზე.
„მე დიდი ვარ!“ და შეშინებულმა შეხედა თავის ორეულს.
-დედაააააა! - ბოლოჯერ გაიქცა დედისკენ სამზარეულოში და ბოლოჯერ აქვითინდა
მწარედ.
-ჰო, ჩემო პატარა ბიჭო, რა იყო? - ცრემლიანი ხმით ეკითხება დედა?
მაგრამ პატარა ბიჭმა აჩიკომ იცის, რომ აღარაა პატარა. ისიც იცის, რომ ხვალ
თვითონ ჩაიცმევს ტანსაცმელს. ისიც გადაწყვიტა, რომ მამას სთხოვოს, ისრები და სამიზნე
უყიდოს და პარკში წავიდნენ სავარჯიშოდ, მხოლოდ მამა და თვითონ. სროლას რომ ისწავლის,
მაშინ წაიყვანენ დედას და აჩიკო აჩვენებს, რომ დიდი და ძლიერი ბიჭია. ბებია დიდ ტორტს
გამოუცხობს დაბადების დღეზე, სადააცა რომ მოვა უკვე, და ერთი შებერვით ჩააქრობს რვა
სანთელს!
დედამ ჯერ კიდევ არ იცის, დიდი ბიჭი რომაა აჩიკო.
დიდმა ბიჭმა აჩიკომ დიდი მუშტებით მოიწმინდა ცრემლები და ამაყად ჩამოხტა
დედის კალთიდან.